ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 აპრილი, 2026
გაზიარება

ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა და შვეიცარიულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მიგრაციის გამოწვევები, თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული წინადადებები და სამომავლო გეგმები.

ორ ქვეყნას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის სფეროს ექსპერტთა დისკუსიები 2022 წლიდან რეგულარულად იმართება. წლევანდელ რიგით მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, აგრეთვე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ყირგიზ კოლეგას შეხვდა

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ყირგიზ კოლეგას შეხვდა.

პაატა სალიამ და აიაზ ბაეტოვმა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო წარმატებულ ქართულ რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, გაუზიაროს ყირგიზეთს საკუთარი გამოცდილება იუსტიციის სისტემის ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

იუსტიციის მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, ინიციატივები დანაშაულის პრევენციის,მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და პრობაციის სისტემის გაძლიერების კუთხით.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოსა და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა აიაზ ბაეტოვმა.

მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა; საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, ციფრული და მობილური მომსახურების დანერგვით; დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; სანოტარო მედიაცია და სხვა.
დოკუმენტის ხელმოწერამდე საქართველოსა და ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან; შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით. მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმები გაფორმდა ყირგიზეთისა და საქართველოს კიდევ რამდენიმე სამინისტროს შორის; გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომაც.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.