ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2023
გაზიარება

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ დასახელებულ არეალებში მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, 2023 წლის ოქტომბერში, მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა დაიწყება.

რეფორმა გულისხმობს წინასწარ დადგენილი გრაფიკით მოქალაქისათვის უფასოდ მიწის ნაკვეთების აზომვასა და რეგისტრაციას.
2022 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის მსგავსად, თბილისის სისტემურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. პროექტი დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში აიზომება და დარეგისტრირდება 27,684 მიწის ნაკვეთი, რაც 757 ჰექტარს შეადგენს, შეძენილ იქნება შესაბამისი ტექნიკა და დასაქმდება 130-მდე ადამიანი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, რომელიც, ასევე, 2024 წლის ბოლოს დასრულდება, უკვე შეიქმნა 1000-მდე სამუშაო ადგილი; აიზომა 305 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 104 000 ჰა-ზე მეტია; საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 250 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით – 93 957 ჰა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო. რეფორმით სარგებლობა შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებსაც.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.