ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 01 აგვისტო, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ახალ პლატფორმას აფუძნებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით, უწყებასთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს; იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში კი, სწორედ ამ სამეცნიერო და საექსპერტო წინადადებების გათვალისწინება მოხდება.

სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით გასულ წელს დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომელიც ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალის მე-2 ნომრის პრეზენტაცია სიმბოლურად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები და პროფესორები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

თამარ ზოდელავა და სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის (CDNET) თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ იყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ეროვნული ჩარჩოს განვითარების პერსპექტივები და ევროპის საბჭოს მხარდაჭერის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს CDNET-ის საქმიანობაში და დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოყენების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. ამ თემებზე გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, წარმატებით ახორციელებს.

მაღალი დონის ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

გამარჯვებულ პროექტები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა.

3-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.