ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 15 სექტემბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ ალიმენტის შესახებ ჰააგის კონვენციის თაობაზე უწყებათაშორისი შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

კანონპროექტის მიზანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოება, კერძოდ, „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის სავალდებულოდ აღიარება.

ჰააგის კონვენციისა და ოქმის რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოში მყოფი ბავშვებისთვის, საჭიროებისას, უზრუნველყოფილი იქნება პასუხისმგებელი პირებისაგან ალიმენტის საერთაშორისო გადახდა. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ითანამშრომლებენ ურთიერთდახმარების სისტემის ჩამოყალიბებისა და ოჯახის რჩენის საერთაშორისო ხასიათის დავებზე ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

გარდა იმისა, რომ ამ სამართლებრივი აქტების სავალდებულოდ აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებაა, კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მაღალ სტანდარტს აწესებს.

ჰააგის კონვენციისა და ოქმის რატიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ჰააგის კონვენციისა და ოქმის იმპლემენტაციისათვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო დისკუსია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP-ის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.