ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი თერჯოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს. აქვე განთავსებულია სპეციალური სივრცე ქორწინების საზეიმო ცერემონიალისათვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს, რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 15 სოფელს ფარავს.

იუსტიციის სახლი ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში,

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.