იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.
ჯილდო იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, თამარ ზოდელავას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ გადასცა. დაჯილდოება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოხდა.
სააგენტო ოპერატიული თანამშრომლობისა და მონაცემთა ბაზებით მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა, რაც უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
V საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის 30-წლიან ისტორიას მიეძღვნა და საკანონმდებლო განვითარების, ინსტიტუციური ტრანსფორმაციისა და აღსრულების სფეროში დაგროვილი სამი ათწლეულის გამოცდილება გააერთიანა.
კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები, მარეგულირებელი ორგანოები, საჯარო ინსტიტუტები, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.