ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2024
გაზიარება

ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის (NSDI) საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა, მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები.

საბჭომ, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან ერთად, ასევე განიხილა და მიიღო 9 დარგობრივი სპეციფიკაცია და ტექნიკური რეგლამენტი, რომლის პროექტი NSDI-ს კოორდინატორმა უწყებამ ‒ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს დაუგზავნა და მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით დააკორექტირა.

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი სამართლებრივი და ტექნიკური რეგულაციები ქვეყანაში დაადგენს სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემი თავსებადი იქნება ერთმანეთთან, ასევე ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE).

საკოორდინაციო საბჭო „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. მისი მიზანი NSDI-ს შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერა, ამით კი ელექტრონული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების განვითარებაა.

ფუნქციონირებადი NSDI ხელს შეუწყობს ეფექტიან საჯარო მმართველობას სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეებზე, ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და კერძო სექტორისთვის გაამარტივებს ინფორმირებული (სანდო მონაცემებზე დაფუძნებული) გადაწყვეტილებების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, ასევე, შექმნის NSDI ეროვნულ გეოპორტალს. პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, რომლებიც თავსებადი და შესაბამისი იქნება ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE).

საბჭოზე განხილვის შემდეგ, NSDI-ს სტრატეგიული, დარგობრივი და ტექნიკური დოკუმენტაცია დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.