ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მობილური იუსტიციის სახლები და საერვისების სფეროში დაგეგმილი სხვა ინოვაციური პროექტები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ვენეციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებსაც იუსტიციის სფეროში. ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

სომხეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ის აღფრთოვანებულია მობილური იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ნოვაციაა არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით სერვისების გაცემის სფეროში. კარენ ანდრესიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთში მიიწვია. მინისტერიალი „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.