ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართულ კოდექსზე ისაუბრა. კოდექსი არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, 18 წლამდე ბრალდებულთა და მოწმეთა უფლებების დაცვა და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციაა. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს განრიდებისა და მედიაციის პროგრამებიც გააცნო, რომლებიც არასრულწლოვანთა და 21 წლამდე მოზარდთა მართლმსაჯულების ალტერნატიულ მექანიზმებს წარმოადგენს. ეს მექანიზმები საშუალებას აძლევს კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებს, თავიდან აირიდონ სამართლებრივი დევნა, სასჯელი და, შესაბამისად, ნასამართლობა; ამის ნაცვლად კი, არასრულწლოვან და 21 წლამდე ბრალდებულებს სპეციალურად მათზე მორგებულ ნებაყოფლობით პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად 2010-2021 წლებში 5200 არასრულწლოვანს მიეცა კიდევ ერთი შანსი, თავიდან აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და ნასამართლობა. განრიდების პროგრამის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მათგან მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა დანაშაული, რაც პროექტების წარმატების დადასტურებაა. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის კიდევ ორ სესიაზე. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.