ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილეს, ნაჟატ შამემ ხანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საქმის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა ისაუბრეს სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ინტერესების დაცვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საქმეზე სასამართლოსთან ეფექტიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობის აუცილებლობას, რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომლითაც 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაცია დადგინდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლანა მორგოშია, ასევე, ICC-ის დელეგაციის წევრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.