ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 23 ივლისი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს. უწყებამ მემორანდუმი დღეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის სამინისტროში გაივლიან და დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამინისტრო ხელს შეუწყობს წარმატებულ სტუდენტთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში.

დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი.

დღესვე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვას საქართველოს სუვერენიტეტისა და შემდგომი დეოკუპაციისათვის, რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.

ლექციის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.