ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 03 სექტემბერი, 2025
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.


სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომისიის მიერ არსებითი სახის დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს; მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.