ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 24 სექტემბერი, 2022
გაზიარება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „ომის საქმე“). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას. მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (ე.ი. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.

კომიტეტმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი „ომის“ საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.