ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 03 ივნისი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დოკუმენტი 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 22 აქტივობისგან შედგება. ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს ეფუძნება.

გეგმის ძირითადი პრიორიტეტებია: საქართველოს კანონმდებლობის კიდევ უფრო დაახლოება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის დებულებებთან; შშმ პირებისათვის კიდევ უფრო მისაწვდომი გარემო იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე მისაწვდომობის გაზრდა მათი საჭიროებების გათვალისწინებისა და სერვისების ხარისხის გაზრდის გზით; პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სამინისტროს სისტემის სამსახურების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ შშმ პირთა წარმომადგენლობითი, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 ივნისის №223 ბრძანებით დამტკიცდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.