ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 02 დეკემბერი, 2022
გაზიარება

საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს


ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს.


სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები.
ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის.


სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.