ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 14 ივნისი, 2024
გაზიარება

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული მიდგომები წარადგინა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით ჩატარებულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ამ და სხვა საკითხებზე ბუბა ლომუაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელიც ღირსეული დასაქმებისა და შემოსავლის საკითხებს დაეთმო.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის მასშტაბით უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და დანერგილ დასაქმების პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოიყენება გონივრული მისადაგების პრინციპი, რაც მოიცავს არჩევით სამუშაო ფორმასა და გრაფიკს, ასევე, მათ საჭიროებაზე მორგებულ სამუშაო გარემოს. პირის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული თუ პროგრამული ცვლილებები.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებსაც სამინისტრო დასაქმებულებს სთავაზობს ტრენინგებისა და სხვა სასწავლო რესურსების სახით.

ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის დანერგვის მნიშვნელობას და შიდა სპორტული ღონისძიებების გარკვეული სახეობების მისაწვდომობასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

მრგვალი მაგიდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიის ფარგლებში ჩატარდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.