ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 02 ივნისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

თამარ ტყეშელაშვილმა ასად მაჯიდ ხანთან ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

პაკისტანის მხარემ გამოთქვა სურვილი, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას მიგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე, საქართველოში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბილალ ჰაიე და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალი შაჰიდი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე პალატის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ წესდების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ნოტარიუსებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.

წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, პალატას წარუდგინოს განცხადება და სამოქმედო პროგრამა. განხილვის შედეგად, წესდებაში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

რიგგარეშე კრებაზე, პალატის წესდებაში შესატან ცვლილებებთან ერთად, ნოტარიუსებმა ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდება. გამგეობაში თითო წევრი წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, თითო წევრი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან და 3 წევრი - თბილისში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

კრებას ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.

EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.

მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.

„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა.