ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 22 აგვისტო, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“ (Iustitia).

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა:

  • დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ორი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია;

  • იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა და სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს;

  • ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ციფრული მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს IT სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემაში დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის გამოყენების პრაქტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად უსაფრთხოდ განახორციელონ ქონებრივი ტრანზაქციები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სახელმწიფო სერვისებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრი თბილისში დაგეგმილ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობის შედეგები შეაჯამა

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად. გარდა ამისა, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.


„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.


მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.