ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 07 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უნგრეთის ელჩ ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა უნგრეთის ელჩს სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერება შესთავაზა. რატი ბრეგაძემ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს საქართველოში უნგრელ კოლეგას, რათა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი შეთანხმება გააფორმონ სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსა და უნგრეთს შორის და ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ თანამშრომლობისა, რომელზედაც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების საკითხებში უნგრეთის მხარის ექსპერტული დახმარება; გაცვლითი პროგრამა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, საქართველოში უნგრულ-ქართული სამართლებრივი ფორუმის გამართვის საკითხი.

უნგრეთის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.