სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრისას ისაუბრა უწყების მნიშვნელოვან როლზე კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ეფექტური და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს, მუშაობს ფუნდამენტური პრინციპების დაცვით, როგორებიცაა კანონიერება, პროპორციულობა, მხარეთა ინტერესების ბალანსი, გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერება.
მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრას, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
Geo
Eng