ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 02 ივლისი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ ახალ პატიმრობის კოდექსზე მუშაობა დაიწყო

პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა. პროცესის ფარგლებში მოხდება სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაცია; გადაისინჯება როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. შედეგად, მოხდება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება.

საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი და ცვლილებების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს − კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს - აგრეთვე, მომდევნო ფაზაში, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებს სამინისტრო შესაბამის სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს. განსაზღვრულ ვადებში მოხდება მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლა, ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება სამუშაო შეხვედრები.

სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება და პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნის რეალიზებისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები − დაფუძნდა სამართლებრივი სამეცნიერო ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის მეორე ნომერი უკვე მზადაა გამოსაცემად; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისათვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, ჯამში, 14 პროექტი დაფინანსდა; უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, შესაბამისი მემორანდუმები უკვე არაერთ უნივერსიტეტთან გაფორმდა.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალია ალან მიჩელს შეხვდა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები 24/7 უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად დანერგილ მექანიზმებზე. დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა.

ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.

დელეგაცია, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით იმყოფება.