ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 25 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალი გაიმართა

2022 წლის 24-25 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მიგრაციის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ნაწილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასაც, რაც დეკლარაციის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედიოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა „პრაღის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

მინისტრთა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; ლეგალური მიგრაცია, განსაკუთრებული აქცენტით შრომით მიგრაციაზე; ინტეგრაცია; მობილობა და განვითარება; საერთაშორისო დაცვა.

მინისტერიალის ფარგლებში დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა ერთხმად იქნა მიღებული პროცესის მონაწილე ქვეყნების და ევროკავშირის მიერ. დოკუმენტის მიღებით რეგიონში მომავალი ხუთი წლის სამოქმედო პრიორიტეტები განისაზღვრა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.