ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023
გაზიარება

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა. ნოტარიუსობის მსურველებიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 75 ქულა და მეტი, 79-მა აპლიკანტმა გადალახა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანი იყო. გამოცდის პირველი ნაწილი ზოგად უნარებში 1 აგვისტოს ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 144-მა მონაწილემ გადალახა. მეორე ეტაპი კი პროფესიულ გამოცდას დაეთმო.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 185-მა პირმა გამოთქვა.

მონაწილეებს, რომლებმაც პროფესიული ეტაპი წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცემათ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.