ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 04 ნოემბერი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.

მემორანდუმის გაფორმებამდე რატი ბრეგაძემ ავსტრიელ კოლეგა ალმა ზადიჩთან ქართულ-ავსტრიული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით საქართველო და ავსტრია უმასპინძლებს. საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების წახალისებასაც, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მტკიცებულებებსა და კვლევა-ანალიზზე დაფუძნებულ სამართალშემოქმედების პროცესს.

რატი ბრეგაძემ ავსტრიელ კოლეგას უწყების პრიორიტეტებიც გააცნო, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიაში არის ასახული. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, ეფექტიანი სამართალშემოქმედების პროცესის, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

რატი ბრეგეძემ ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვას უზრუნველყოფს.

პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი სფერო ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობები იქნება.

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები და ავსტრიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.

„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.