ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 11 მარტი, 2023
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება 2021 წლის 21 იანვარს მოიპოვა და დადასტურდა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. წინამდებარე საქმეში კი, პირველად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. კერძოდ, მომჩივანები ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა, 2001-2007 და 2003-2005 წლებში უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდას ციხეში. ისინი დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობას და მათ არ ეძლეოდათ უფლება, ენახათ თავიანთი ოჯახის წევრები.

მოცემული ფაქტებისა და მთავრობის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებზე სრულად პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე, 2008 წლის აგვისტოს ომამდეც. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა ის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არ ექვემდებარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლს რუსეთის მხრიდან გადამწყვეტი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ამასთან, ევროპული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, უკვე სამართლებრივად დადასტურდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და 1990-იან წლებში აფხაზების სასარგებლოდ რუსეთის უშუალო ჩართულობა სამხედრო კონფლიქტში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ხსენებულ კონფლიქტში აფხაზები არა მხოლოდ იყენებდნენ რუსულ იარაღს და მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსი იბრძოდა მათ მხარეს, არამედ რუსული სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კონფლიქტის დასრულება სეპარატისტების სამხედრო გამარჯვებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ არაერთი საერთაშორისო წყარო მიუთითებს ამ კონფლიქტის დროს ქართველების „ეთნიკურ წმენდაზე“.

აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები 2017 წელს გაიგზავნა. მათ შორისაა, მასალა შესაბამისი ეროვნული არქივებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და დოკუმენტები, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები, დოკუმენტები და რუსული საკანონდებლო აქტები, აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები: ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე, პასპორტიზაციაზე.

ამგვარად, დეოკუპაციის წინააღმდეგ გონივრული და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2012 წლის შემდეგ აწარმოებს, საქართველომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით დადასტურდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის უწყვეტი ხაზი 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ, რაც ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა სხვა დარღვევაზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციისთვის, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაარღვია მომჩივანთა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებით დაცული უფლებები. შესაბამისად, რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35,000 ევროს გადახდა, ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.