ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 25 ივლისი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 29 თანამშრომელი დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 29 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დაჯილდოება სააგენტოს პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სააგენტოს განსაკუთრებულ როლს განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით ჩატარდა. გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსმა დავით იმნაძემ გაიმარჯვა.

თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა ნოტარიუსებსა და მოწვეულ სტუმრებს სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარების და ახალი ინიციატივების შესახებ საკუთარი სამოქმედო პროგრამები წარუდგინეს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ნოტარიუსის მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. მან ყურადღება გაამახვილა პალატის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპულ სანოტარო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა.

პაატა სალიამ ეკატერინე ნანდოშვილს სანოტარო სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნოტარიუსებს სიტყვით მიმართა, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, რომელმაც 2023-2026 წლებში ნოტარიატის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები: განახლდა ნოტარიუსთა პალატის წესდება, ცვლილებები შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში, ჩამოყალიბდა პალატის ახალი სტრუქტურა და შეიქმნა ახალი ელექტრონული სანოტარო რეესტრი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ მისასალმებელ სიტყვაში ნოტარიატის განვითარების, სანოტარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საერთო კრებას სამინისტროს წარმომადგენლები, ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.