ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 06 ივნისი, 2023
გაზიარება

2024 წელს ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებული ,,მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი და კანონის შესაბამისი მომსახურების დანერგვისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები გააცნო. გაიმართა საჯარო რეესტრის ელექტრონული პორტალის პრეზენტაციაც, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებული კანონის იმპლემენტაციამ და სარეგისტრაციო პრაქტიკამ, ევროპული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა. შედეგად, რამდენიმე მსურველ სახელმწიფოს შორის, არჩევანი საქართველოზე შეჩერდა და გადაწყდა, რომ 2024 წლის ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით.

სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს.

პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ვიზიტად მყოფ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს, და მის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ორგანიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტების მნიშვნელობა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო კომერციული ურთიერთობების ზრდის ფონზე კერძო სამართლის უნიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე.

კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა იგნასიო ტირადომ, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში კომერციული და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების განვითარებისა და მათი თანამედროვე სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა UNIDROIT-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობა.


კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით ამუშავებს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენციები, მოდელური კანონები და პრინციპები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე პროგნოზირებადი, თანამედროვე და ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ამჟამად 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რაც მის გლობალურ ხასიათსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი.