ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
გაზიარება

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ნაყოფიერ საქმიანობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიგრაციის სტრატეგიულ და კოორდინირებულ მართვას საქართველოში. ამ ჩარჩოში ხორციელდება 2021–2030 წლების მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც „მიგრაციისა და განვითარების“ პრინციპს ეფუძნება და ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ მიგრაციის საკითხები დღეს განსაკუთრებული აქტუალობით განიხილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით, ხოლო კომისიის სხდომის მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დამთხვევა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელების პროგრესი და ერთხმად დაამტკიცეს სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიის წევრი უწყებების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე.

კომისიის თანათავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ისაუბრა საერთაშორისო დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, 2025 წელს განხორციელებულ კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა, რაც 2026 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. მანვე ისაუბრა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე.

სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ცხრა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისიას თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალია ალან მიჩელს შეხვდა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები 24/7 უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად დანერგილ მექანიზმებზე. დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა.

ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.

დელეგაცია, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით იმყოფება.