ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.