ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
გაზიარება

ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილეს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს

ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა, რომელიც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ექსპედიციებში როგორც საქართველოში (თბილისი, წალენჯიხა, სეფიეთი, ბოჭორმა, ვარძია, ფარავნის ტბა, ბოდბე, შიომღვიმე, გელათი, უჯარმა, მცხეთა, სათხე), ისე უცხოეთში (აზერბაიჯანი (უდაბნო), თურქეთი (ანისი)) გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება; ეროვნულ არქივში დაცული ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები (გულანები, საისტორიო თხზულებათა კრებული), ისტორიული საბუთები (წმინდა ნინოს სახელზე ბოდბის მონასტრისთვის შეწირული სიგელები) და ფოტომასალა.

ექსპედიციებში გადაღებული ფრესკები XI-XVII, ხოლო ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

ექსპოზიციის მიზანია, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს ის უნიკალური ვიზუალური მემკვიდრეობა და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს; წარმოაჩინოს ამ ეპოქალური მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა ქართველი ერის სულიერ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ბროშურა. გარდა ამისა, ეროვნული არქივი წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში შესთავაზებს. ამავე თემას მიეძღვნება ეროვნული არქივის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს გაქრისტიანების თემაზე უახლეს სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ. კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირსა და ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

გამოფენის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და იუსტიციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.