ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იუდიტ ვარგას შეხვდა

მინისტრმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა.

იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირში გაწევრება არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო და რჩება ამ პროცესის აქტიურ მხარდამჭერად.

ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ამისთვის პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს, მეტი ეფექტიანობისთვის კი შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა; ამასთან, საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდა ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელო და სასწავლო მოდული.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ თანამშრომლობას 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რატი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში.

იუდიტ ვარგასთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალუური კონცეფციის დეტალები გააცნეს, რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჟვანიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციის წევრებს მომსახურების სივრცე დაათვალიერებინეს და ის ტექნოლოგიური სიახლეები წარუდგინეს, რომლებსაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.

იუსტიციის სახლის სტუმრებმა იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის.

ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოში მაღალი დონის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.