ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

კვირა, 30 ივლისი, 2023
გაზიარება

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად გაერო-ს ეგიდით აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე პალატის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ წესდების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ნოტარიუსებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.

წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, პალატას წარუდგინოს განცხადება და სამოქმედო პროგრამა. განხილვის შედეგად, წესდებაში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

რიგგარეშე კრებაზე, პალატის წესდებაში შესატან ცვლილებებთან ერთად, ნოტარიუსებმა ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდება. გამგეობაში თითო წევრი წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, თითო წევრი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან და 3 წევრი - თბილისში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

კრებას ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.

EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.

მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.

„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა.