ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძემ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვას და იუსტიციის სამინისტროსათვის ამ სფეროში გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების გაფართოება; არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის პროექტები; მედიაციისა და განრიდების პროცესებში ჩართული პროფესიონალების გადამზადება.

მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.