ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 11 მარტი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“

„საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მეთაურების დამსახურებაა, რომლებიც ცდილობენ, მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განავითარონ.

საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებას.

"ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას ორი ქვეყნის ახალგაზრდა იურისტებს შორის, ასევე, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაძლიერებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ვებრძოლოთ დოკუმენტების გაყალბებას და, რა თქმა უნდა, სამართლის სფეროს ერთობლივად განვითარებისთვის გადავდგამთ ნაბიჯებს; არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა იყოს კიდევ უფრო მეტად მტკიცე და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა იყოს სამართლებრივად კიდევ უფრო მეტად დაზღვეული, რაც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხო განვითარებისათვის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფიქრათ მამადოვის თქმით, „მემორანდუმი ასახავს დღევანდელობას, დღევანდელ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში“. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის განსაკუთრებული სფეროებია საინფორმაციო კომუნიკაციები და ტექნოლოგიები, სერვისების განვითარება და სხვა.

„ჩვენი თანამშრომლობის სფეროში შედის, ასევე, მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაციის შესახებ გამოცდილების გაზიარება. მედიაციის განვითარება, ექსპერტების შეხვედრები, ვიზიტები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, რომლებიც ტარდება ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მან.

რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ის ინოვაციები გააცნო, რომლებსაც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

ვიზიტის პირველ დღეს რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას, აგრეთვე, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდება.

დღესვე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ღირსების ხეივანს ესტუმრა და ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში 10 მარტს დასრულდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.