ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
გაზიარება

 იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას სისხლის სამართლის სფეროში და მის მნიშვნელობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის როლი სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ამ მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ კატარის ელჩი მიმდინარე წელს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

ეროვნულ არქივში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მოადგილეებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 2-4 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.