სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესაბამისობას გაერო-ს პრიორიტეტებთან და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან.
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს დეტალურად გააცნო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სისტემური რეფორმები. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელშეწყობა და ციფრული მმართველობის განვითარება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინოვაციების მნიშვნელობაზეც, რომლებიც დიდ როლს ასრულებს საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მისი თქმით, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და საქართველოს რეფორმები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.
პაატა სალიამ გაი რაიდერი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 23-25 ივნისს გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.
საქართველოს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს ორგანიზებით მიმდინარე ექსპერტთა კომისიის სხდომაში მონაწილოების მიზნით იმყოფება.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng