ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 19 ივლისი, 2022
გაზიარება

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა


დოკუმენტი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) იმპლემენტაციას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს მიერ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 33-ე საერთაშორისო კონფერენციაზე აღებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმა დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა ერთგვარი სახელმძღვანელო ინსტრუმენტია უწყებებისა და პარტნიორებისთვის, რომელიც რამდენიმე მიზანს ემსახურება:

  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების გათვალისწინების მხრივ საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და დახვეწა;
  • სჰს-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
    კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების დროს სექსუალურ ძალადობასთან და გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობასთან ბრძოლა და პრევენცია;
  • სამედიცინო და არასამედიცინო კადრების, კატასტროფის მართვის ცენტრების ოპერატორების მომზადება გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაში;
  • საგანგებო სიტუაციების მართვა და რისკის შემცირება;
  • მოხალისეთა უსაფრთხოების გაძლიერების უზრუნველყოფა;
    საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ბოლოს გაიმართა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

კორეის რესპუბლიკა ციფრული მმართველობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფს, მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო გამოცდილება, რომელიც კორეელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ქართველ და კორეელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება. ერთობლივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ვირტუალური ასისტენტის განვითარება, ციფრული იდენტობა, ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სერვისებში ინტეგრაცია და სხვა თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები.

„კორეელ კოლეგებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ვირტუალური ასისტენტი, ციფრული იდენტობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მივაწოდოთ“, – განაცხადა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად, არიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის კონცეფცია. ამ მიდგომის მთავარი იდეაა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი და ის ემსახურებოდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქის მოთხოვნებზე სახელმწიფოს მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, იუნ ჰო-ჯუნის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: ,,ძალიან კარგი შეხვედრა შედგა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმავოთ ციფრული თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ჩვენ სამინისტროებს შორის, განსაკუთრებით, ციფრული განვითარების დაჩქარებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას. ცენტრს აქვს პოტენციალი, შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.

კორეელ პარტნიორებთან ერთად ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.