ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 24 სექტემბერი, 2022
გაზიარება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მკაცრი შუალედური რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე განიხილა - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)” (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“). სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და გააჟღერა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება.

მინისტრთა კომიტეტის დებატების ფარგლებში დელეგაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების აღუსრულებლობა და სრულად გაიზიარა საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია.

რეზოლუციის ფარგლებში კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება რომ, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა. მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს.

ქართული მხარის ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ყველა საშუალება საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან კომიტეტმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავება, ყველა წევრი სახელმწიფოს ჩართულობით და დაავალა კომიტეტის სამდივნოს, წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმის აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთის მთავრობას დაეკისრა ქართული მხარისათვის 10,000,000 ევროს გადახდის ვალდებულება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. თუმცა, მიუხედავად ქართული მხარისა და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევისა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა, რუსეთს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.