ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 03 დეკემბერი, 2022
გაზიარება

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ შეაჯამა. თამარ ტყეშელაშვილმა ფორუმის მონაწილეებს – საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს – ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძესთან.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.