ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 26 ივნისი, 2023
გაზიარება

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 22 ივნისის №324 ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტომდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება.

საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე კი − პროფესიულ ტესტირებას.

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  2. CV;
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  5. გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები მიმაგრებულ დოკუმენტებში).


საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:


ა) „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 22 ივნისის №324 ბრძანება
ბ) „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა - მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს უწყების პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

პაატა სალიამ დამირ ჰაბიიანს ინფორმაცია მიაწოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზების გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება. იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 600-მდე საჯარო და კერძო სერვისს; ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი – MY.GOV.GE; „გონიერი კონტრაქტი“ – უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და საკუთრების რეგისტრაციის დისტანციურად განხორციელებისათვის და „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულთათვის განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ჩნდება:

„2024 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ. საქართველო გააგრძელებს ციფრული მმართველობის განვითარებას და სამართლის სფეროში ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებას მოქალაქეთა საჭიროებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.