ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 08 დეკემბერი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ტრეფიკინგთან წარმატებული ბრძოლის სფეროში გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ქართულმა მხარემ სტუმრებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

საუბარი შეეხო ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის ოთხსვეტოვან სახელმწიფო პოლიტიკას და ამ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს როლს, აგრეთვე საქართველოს პროგრესს საერთაშორისო რეიტინგებსა და კვლევებში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. კერძოდ:

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში;

  • საერთაშორისო ორგანიზაციამ „Walk Free Foundation“, რომელიც მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, ბოლო, 2023 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი მიაკუთვნა;

  • ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების 2025 წლის რიგით მე-4 რაუნდის ანგარიშით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის; გამარტივდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურა, გაიზარდა დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილება და გაფართოვდა ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების არეალი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.