ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
გაზიარება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ კლაუდიო მატერას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. კლაუდიო მატერა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ევროპულ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს EIPA-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ იუსტიციის სახლის საქმიანობასა და ინოვაციურ სერვისებს.

შეხვედრა შედგა უნგრეთის ციფრული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველ პიტერ ვიდოსთანაც, სადაც მხარეებმა ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე ისაუბრეს. პიტერ ვიდოსი გაეცნო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის პროექტებს, მათ შორის, იუსტიციის სახლში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდებში ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.