ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალია ალან მიჩელს შეხვდა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები 24/7 უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად დანერგილ მექანიზმებზე. დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა.

ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.

დელეგაცია, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით იმყოფება.