საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.
იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.
„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.