ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 22 მარტი, 2024
გაზიარება

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგრანტო პროექტი „ერუდიციის კურსი“ მიმდინარეობს

პროექტი „ერუდიციის (ინტელექტის განვითარების) კურსი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიმართულება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაა. პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა, ხოლო კურსს გიორგი გოგელია გაუძღვება.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სალექციო კურსის ფარგლებში გაეცნობიან კლასიკური ლიტერატურის სპეციალურად შერჩეულ ნაწარმოებებს და გააანალიზებენ მათ დისკუსიის ფორმატში; შეისწავლიან იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების საქმეში; გაეცნობიან ზოგიერთი სახელმწიფოს კულტურის ისტორიას.

პროექტის მიზანია მსმენელთათვის (მსჯავრდებულებისთვის) ინტელექტუალური დონის მკვეთრად მომატება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, არგუმენტირებულად საუბრის უნარების გაუმჯობესება, მიღებული ცოდნის გადმოცემისა და პოლემიკა-დისკუსიის კულტურის განვითარება.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალია ალან მიჩელს შეხვდა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები 24/7 უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად დანერგილ მექანიზმებზე. დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა.

ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.

დელეგაცია, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით იმყოფება.