სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც განახლდა 2014 წლის მაისში. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებით განისაზღვრა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დამტკიცდა მისი დებულება. დადგენილების თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში შედიან ხელისუფლების სამივე შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
- კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, კონცეფციებისა და კანონპროექტების შემუშავება;
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება;
- სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი.
სამდივნო ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს როგორც საბჭოს, ასევე, სამუშაო ჯგუფებს. სამდივნო უფლებამოსილია განახორციელოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის მონიტორინგი. პროგრეს ანგარიშები მზადდება საბჭოს სამდივნოს მიერ რეფორმის მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფების წევრთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სამდივნო სამუშაო ჯგუფების წევრებთან თანამშრომლობით ამზადებს რეფორმის მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტებს თითოეული მიმართულებისთვის.