ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა

მინისტრების შეხვედრა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება და უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ იუსტიციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„ჩვენს უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა წარმოაჩინა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური და პროფესიული კავშირები, რაც ღონისძიებაზე წარმოდგენილ თემატურ სესიებზეც ნათლად გამოჩნდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მკაფიო სამომავლო პერსპექტივები არსებობს, რომლებიც გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ეფუძნება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის, აგრეთვე, პენიტენციური რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობენ. მხარეები თემატური სესიების ფარგლებში მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის და რეგიონის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„ჩვენი გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მთლიანად რეგიონის სამართლებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები თემატური სესიების ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე. აგრეთვე, ორი ქვეყნის მთავრობების ადმინისტრაციის, გენერალური პროკურატურების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილიც ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საკითხს. ასევე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ბექა ძამაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.