ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 17 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა“

,,ვისაც ჩემი გამოსვლა პერსონალურად ეხებოდა, ეს იყო ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ჩემი გამოსვლა ეხებოდა მთლიანად სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კითხვას მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 292 ვიზიტორი მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. სარგებლობდა ყველა უფლებით, როგორც ყველა სხვა პატიმარი. ყველა სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, რაც კი დასჭირდა. იმავე მე-12 დაწესებულებაში სპეციალურად მორიგეობდა რეანომობილი, რომ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების თეორიული შანსიც გამორიცხული.

,,რაც შეეხება წერილობით თანხმობას, მე ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო სალომე, გეცოდინებათ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამა, შეგიძლიათ გახსნათ პატიმრობის კოდექსი და ნახოთ 46-ე მუხლი და თქვენვე გასცემთ თქვენს თავს პასუხს, საჭირო იყო თუ არა წერილობითი თანხმობა“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებასაც უპასუხა: ,, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენ კი მიჩვეული ხართ არაფორმალურ მმართველობას. გყავთ არჩეული თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს ისარგებლოს საქართველოში აქტიური ან პასიური საარჩევნო უფლებით. თქვენ პარტიულ სტრუქტურას კი არ ემორჩილებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ამაზე კლასიკური არაფორმალურ მმართველობაზე თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ, მე ტაშს დაგიკრავთ- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით.

სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს.

პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ვიზიტად მყოფ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს, და მის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ორგანიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტების მნიშვნელობა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო კომერციული ურთიერთობების ზრდის ფონზე კერძო სამართლის უნიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე.

კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა იგნასიო ტირადომ, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში კომერციული და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების განვითარებისა და მათი თანამედროვე სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა UNIDROIT-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობა.


კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით ამუშავებს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენციები, მოდელური კანონები და პრინციპები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე პროგნოზირებადი, თანამედროვე და ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ამჟამად 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რაც მის გლობალურ ხასიათსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი.