ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2023
გაზიარება

პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

ახლად გახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.