ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
გაზიარება

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში.

CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.

ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე.

დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად.

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად.

CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.